ძმები

იყო და არა იყო რა იყო ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი. ჰყავდათ ორი ვაჟიშვილი. ცხოვრობდნენ გაჭირვებით, პურიც აკლდათ და ფულიც. ვაჟიშვილები წამოიჩრიხვნენ. უფროსმა ძმამ ცოლი შეირთო და მშობლებთან ერთად დასახლდა. უმცროსი ძმა კი იქ ვეღარ მოთავსდებოდა. ადგა და სოფლის ბოლოს დასახლდა. უნდოდა ხარ-ურემის შეძენა. ჯერ მიწის პატრონს დაუდგა მოჯამაგირედ, შემდეგ საქირაოდ იმუშავა და რის ვაი ვაგლახით იყიდა ერთი ურემი ხარები. გაჭირვებით ხნავდა და თესავდა. წლის სარჩო პურს ძლივს იწევდა. როცა დაცოლშვილდა, კიდევ უფრო გაუძნელდა ცხოვრება, მაგრამ გულს არ იტეხდა, ერთგულად მუშაობდა და მომავლის იმედი ჰქონდა.

არც უფროსი ძმა ცხოვრობდა უკეთესად. მას ცოლ-შვილთან ერთად დედ-მამაც ჰყავდა სარჩენი. მაგრამ გულს არც ეს იტეხდა, პატიოსნად შრომობდა და მომავლის იმედი ჰქონდა.

გავიდა ხანი, ერთ წელიწადსაც ცუდი მოსავალი იყო, გვალვამ ყანები გააოხრა. უმცროსმა ძმამ რაღაც ოციოდე ძნა მომკა. ასევე ცოტა მოუვიდა პური უფროს ძმასაც, მისი მომკილი ოცდახუთიოდე ძნა ძლივს იქნებოდა. უმცროსმა ძმამ იფიქრა, ჩემს ძმას წელს ძალიან გაუჭირდება, ღარიბად ცხოვრობს, ცოლ-შვილთან ერთად დედ-მამც მის კისერზეა, მოდი, ჩუმად რამდენიმე ძნას წავიღებ და მის ძნებში შევურევო. როცა დაღამდა, აიკიდა ზურგზე ორი ძნა და წაიღო. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ ვიღაც კაცი კი დაინახა გზაზე, მასაც ძნები მიჰქონდა. მიიტანა ჩუმად თავისი ძნები და ძმის ძნებს მიუმატა.

შინ რომ დაბრუნდა, ისევ ოცი ძნა დაუხვდა. ახლა უფრო გაუკვირდა, ნეტავი რა მემართებაო, - იფიქრა.

ძლივ ვაივაგლახით აიკიდა ოთხი ძნა და ისევ ძმას წაუღო. შუა გზაზე კვლავ შეეჩეხა ვიღაც ძნებაკიდებული კაცი. ერთმანეთს დაეჯახნენ. გამოესაუბრეს და ერთიმეორე იცნეს. თურმე ეს უფროსი ძმა ყოფილიყო.

უფროს ძმას ეფიქრა: წელს ცუდი მოსავალი იყო, უმცროსი ძმა ღარიბად ცხოვრობს, მოდი, რამდენიმე ძნას ჩუმად მივიტან, ძმა არის, ბედნიერად იცხოვროსო. ძმებმა თავიანთი თავგადასავალი უამბეს ერთმანეთს. ორივეს ცრემლები მოადგა თვალებზე, ერთმანეთს გადაეხვივნენ და დიდხანს საუბრიობდნენ ამ შუაღამით.

ასეთია ძმობა. მაგრამ ყველა ძმები ასეთები კი არ არიან!

 

 

 

Хостинг от uCoz