ხელმწიფის შვილისა და ხელმწიფის ამბავი

ერთი დიდებული ხელმწიფე იყო. როდესაც დაბერდა და სიკვდილის ჟამს მიაღწია, დაუძახა თავის ერთადერთ მემკვიდრეს და უთხრა:

- შვილო, ხომ ხედავ შენი თვალით, დღეს არა, ხვალ მოვკვდები, ფეხი სამარეში მიდგას, ქვეყანა შენ ხელთ უნდა მოექცეს. წადი ახლა და ყველა მხარეში თითო სახლი ააშენე, რომ გაჭირვება იქნება, თუ სხვა რამე, თავი იქ შეაფაროო.

შვილმა გაუგონა მამას ბრძანება, დაუხანებლად ადგა, წაიღო ფული და წავიდა თავის სახელმწიფოში. სადაც მოეწონება ადგილი, მთა იქნება, გორა, სოფელი თუ ტყე, მშვენიერი სახლები ააშენა. როცა ყველგან მორჩა სახლების აშენებას, დაბრუნდა მამასთან.

მამამ დაიბარა შვილი თავისთან და გამოჰკითხა ყველაფერი:

- რა ჰქენ, შვილო, ააშენე ყველგან სახლები, როგორც გითხარ, თუ არაო?

- ავაშენე, - უპასუხა გულდამშვიდებით შვილმა, - სადაც ან მთა, ან კორდი მომეწონა, ყველგან მშვენიერი სასახლე დავიდგიო.

- ვაჰ, შენ მტერსა შვილო, შენ ის სახლები არ აგიშენებია, რაც მე გითხარი. ცარიელი სახლები, შვილო, გაჭირვებაში კაცს ვერ შეიფარებენ. მე ის გითხარი, წადი, ყველა ქვეყანაში თითო პატიოსანი კაცი დაიმეგობრე, შეიყვარე და შენი სახლი იქ იქნებოდა. რა ქვეყანაშიაც კაცს კარგი და პატიოსანი მეგობარი ჰყავს, იქ იმისთვის სახლიც არის და ბინაცაო.

 

 

 

Хостинг от uCoz