უმცროსი ვაჟი და მგელი

იყო ერთი ხელმწიფე და ჰყავდა სამი შვილი. ხელმწიფეს მთაში ბაღი ჰქონდა. ბაღში იდგა ერთი შესანიშნავი ხე და ოქროს ნაყოფს ისხამდა. ერთი ფრინველი შეეჩვია ბაღს, ყოველთვის მიდიოდა და მიჰქონდა ხილი. ხელმწიფე დიდად წუხდა და უბრძანა თავის შვილებს: უდარაჯეთ ამ ხეს და ქურდი დამიჭირეთო.

პირველად სადარაჯოდ წავიდა ორი უფროსი შვილი, მაგრამ ვერ დაიჭირეს ქურდი. მერმე წავიდა უმცროსი, ავიდა ხეზე და დაუდარაჯდა ქურდს. ამ დროს მოფრინდა ერთი უზარმაზარი ფრინველი, მოგლიჯა ნაყოფი და უნდოდა, წაეღო. ყმაწვილმა ხელი სტაცა, მაგრამ ვერ შეიმაგრა, მხოლოდ ერთი ფრთა გამოაგლიჯა. მიუტანა მამას და მოახსენა: თვითონ ვერ დავიმორჩილე, ფრთა გამოვგლიჯე და მოგიტანეო.

ხელმწიფემ მოიხმო თავისი შვილები და უთხრა: ჩემი შვილი ის იქნება, ვინც ამ ფრინველს მომგვრისო.

პირველად ორი უფროსი ძმა წავიდა. დიდი დრო გავიდა და აღარ დაბრუნდნენ. ადგა და უმცროსი ძმაც წავიდა. იარა, იარა და მივიდა ერთი ხის ძირას. ხის ძირში ერთი ქვა იდო და ზედ ეწერა: მარჯვნივ წახვალ, წყალში ჩავარდები; მარცხნივ - ცეცხლში ჩავარდები, შუა გზაზე მგელი შეგჭამსო. ყმაწვილმა მგლისაკენ წასვლა არჩია. კარგა ხანს იარა და გავიდა ერთ მინდორში. იქ ჩამოხტა ცხენიდან და დაისვენა. ამ დროს გამოვარდა მგელი, მივარდა ცხენს და შეჭამა. ყმაწვილმა ტირილი დაიწყო. მგელმა გამოჰკითხა: ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და სად მიხვალო?

ყმაწვილმა ყველაფერი უამბო, მგელმა უთხრა:

- შემაჯექ ზურგზე და მე დაგეხმარებიო.

შეაჯდა ზურგზე ყმაწვილი, მგელმა სასახლეში მიიყვანა და უთხრა: აგერ იმ ფრინველის გალია, მიდი ჩუმად, გალიას ხელი არ ახლო, ფრინველი კი გამოიყვანეო!

ყმაწვილმა არ გაუგონა, გალიას ხელი ახლო, შეიქნა საშინელი ზარის რეკვა. გამოცვივდნენ მოსამსახურენი, დაიჭირეს ყმაწვილი და მიჰგვარეს ხელმწიფეს.

ხელმწიფემ ჰკითხა: ვინა ხარ, რომ აქ შემოსვლა გაბედე ფრინველის მოსაპარადაო?

ყმაწვილმა თავისი ამბავი უამბო. ხელმწიფეს უნდოდა მოეკლა, მაგრამ ყმაწვილი შეევედრა. ხელმწიფემაც აპატია, მხოლოდ უბრძანა: ერთ მეფეს რომ ოქროსფაფრიანი ცხენი ჰყავს, წადი და ის მომგვარე, თორემ ჩაგიგდებ ხელშიო.

გამოვიდა დაღონებული ყმაწვილი და უამბო თავის მგელს ეს ამბავი.

- შენ ნუ გეშინია, შემაჯექ და ახლა იქ წაგიყვანო, - უთხრა მგელმა.

შეჯდა ზურგზე და წავიდა. იარა, იარა და მივიდა იმ მეფისას. მგელმა უთხრა: აგერ ცხენი, მაგრამ ოქროს უნაგირს ხელს ნუ მოჰკიდებ, მხოლოდ ცხენი წამოიყვანეო.

ყმაწვილმა არც აქ დაუჯერა, მოჰკიდა უნაგირს ხელი, საშინელი ზარის რეკვა ატყდა. გამოცვივდნენ, დაიჭირეს ყმაწვილი და მიუყვანეს მეფეს.

აქაც გაურისხდა მეფე: როგორ გამიბედე ცხენის მოპარვაო! პირობით მოგიტევებ, თუ წახვალ ერთ სახელმწიფოში, სადაც ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავთ და იმ ქალს აქ მომგვრიო.

ეს ამბავიც უამბო თავის მგელს. მგელმა ზურგზე შეისვა და წაიყვანა. იარა, იარა და მივიდა იმ სასახლეში. აქ მგელმა უთხრა: ახლა კი დამიჯერე რაც გითხრა, თორემ ვეღარას გიშველიო. კარს ხელი არ ახლო, მხოლოდ ქალი წამოიყვანეო. ყმაწვილიც სწორედ ისე მოიქცა და გამოიყვანა მზეთუნახავი ქალი. მაშინ მგელმა უთხრა: ამ მზეთუნახავ ქალს ნუ დავკარგავთ, მე გადავიქცევი მაგ ქალად და მიმიყვანე იმ ხელმწიფესთანაო.

გადაიქცა ქალად მგელი. ყმაწვილმა მიჰგვარა ხელმწიფეს და მიიღო ოქროსფაფრიანი ცხენი. ყმაწვილი წამოვიდა. მგელიც გამოექცა იმ ხელმწიფეს და დაუხვდა წინ ყმაწვილს. ახლა ოქროსფაფრიან ცხენად გადაიქცა. ყმაწვილმა ცხენის მაგიერ მგელი მიჰგვარა ხელმწიფეს და ფრინველი მიიღო. მგელი იქიდანაც გამოიქცა და ყმაწვილს უთხრა: ახლა სამივე შენია, წადი და წაიყვანე, ნუღარაფრისა გეშინიაო!

ყმაწვილმა მადლობა გადაუხადა, გახარებულმა სამივე წაიყვანა და მშვიდობით მივიდა თავის მამასთან.

 

 

 

Хостинг от uCoz