სიზმარა

ერთი ყმაწვილი იყო და დედინაცვალი ჰყავდა. ერთხელ დედინაცვალმა პური გაფინა გასაშრობად და გერი გვერდით მიუსვა. ყმაწვილს დაეძინა. პურს ქათმები მიესივნენ და კენკვა დაუწყეს. დედინაცვალი გაჯავრდა, გერს სცემა.

- რა ეშმაკმა დაგაძინა, პური შეჭამეს ქათმებმაო!

- დედი, დედი! მაცალე რა გითხრაო!

- რაო? - ჰკითხა დედინაცვალმა.

- ძილმა წამიღო, ბურანმა: ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი - ბაღდადის ბოლოსა; აქეთ მზე მეჯდა, იქით - მთვარე, შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.

დედინაცვალს სიზმარი მოეწონა, სტაცა გერს ხელი და უთხრა:

- მომეცი ჩქარა ეგ სიზმარი!

- ეს ხომ სიზმარი იყო, აბა, რა მოგცეო?

დედინაცვალმა სცემა და გააგდო ეს სიზმარა. წავიდა, იარა, ხელმწიფის კარს მიადგა.

- რას დადიხარ, ბიჭო, რას ეძებ? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- ასე და ასე იყო ჩემი საქმე, დედინაცვალმა მცემა და გამომაგდოო, - მოახსენა ყმაწვილმა და სიზმარი უამბო ხელმწიფეს.

ხელმწიფესაც მოეწონა ეს სიზმარი და უბრძანა:

- მომეცი ეგ სიზმარიო!

- აბა, რა მოგართვა, სიზმარი იყოო!

აიღო ხელმწიფემ და ეს ყმაწვილი ხაროში ჩააგდო.

ამ ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავდა. ქალს ყმაწვილი შეეცოდა: სადილის შემდეგ აიღებდა ხოლმე საჭმელს, სიზმარას ჩუმად მიუტანდა და ხაროში ჩაუყრიდა.

ეს ხელმწიფე დასავლეთის ხელმწიფე იყო. ამ მზეთუნახავ ქალს აღმოსავლეთის ხელმწიფე სთხოვდა, მაგრამ მამა არ აძლევდა.

ერთხელ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მზეთუნახავის მამას ოთხი ჭაკი ცხენი გამოუგზავნა და შემოუთვალა:

- გამოიცან, რომელია ამ ცხენში დედა, რომელი უფროსი კვიცი და რომელი საშუალი და რომელი უმცროსი? თუ გამოიცნობ, ხომ კარგი, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო!

ხელმწიფე და მისი ქალი დაღონდნენ, რადგან ეს გამოცანა ვერ გამოიცნეს. წავიდა ქალი სიზმარასთან და უთხრა:

- რა გეშველება, შე საწყალო სიზმარავ! მე ხომ აღმოსავლეთის ხელმწიფეს მივყევარ, შენ აქ მშიერი მოკვდებიო და უამბო გამოგზავნილი ცხენების ამბავი.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - დაუდეთ ცხენებს მარილი და ბლომად აჭამეთ; მერმე თავლაში შერეკეთ და კარი დაუკეტეთ. მეორე დღეს, კარებს რომ გააღებთ, დაუკვირდით: პირველად წყლის დასალევად გამოვა დედა, იმას გამოჰყვება სულ პატარა კვიცი, პატარა კვიცს გამოჰყვება იმაზე უფროსი და სულ ბოლოს გამოვა დიდი კვიცი!

ქალი წამოვიდა და ყველაფერი მამას უამბო. მართლაც ასე მოხდა.

ეს გამოცანა რომ გამოიცნო, აღმოსავლეთის ხელმწიფემ ახლა მარილის ქვა გამოუგზავნა და შემოუთვალა:

- ამ მარილის ქვას თუ კოპად დახევ, დაგეხსნები, თუ არა და შენი ქალი ჩემიაო!

ქალი ისევ სიზმარასთან წავიდა და გამოცანაც უამბო.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - მამაშენმა ეს მარილის ქვა უკანვე გაგზავნოს და შეუთვალოს: პირი აართვას ამ მარილის ქვას - როგორ უნდა დახევა - მსხვილად თუ წვრილად, რომ მეც იმის მიხედვით დავხიო-თქო!

ესეც რომ მოუგო, მაშინ აღმოსავლეთის ხელმწიფემ მშვილდი მოზიდა, ისარი იმ ხელმწიფის სახლის წინ ჩაერჭო და ადგილიდან ვერავინ დაძრა.

ქალი ისევ სიზმარასთან მივიდა და ყველაფერი უამბო.

- ნუ გეშინია, - უთხრა სიზმარამ, - ამაღამ მე ამოვალ და ამოვიღებო!

მართლაც, იმ ღამეს სიზმარა ამოვიდა, მიანძრ-მოანძრია ისარი, ამოიღო და იქვე დააგდო, თვითონ კი ისევ ხაროში ჩაჯდა.

მეორე დილას ხელმწიფე გამოვიდა და გაკვირდა:

- ვინ ამოიღო, ვინა, ჩემი ქალი იმას უნდა მივცეო!

ყველა იძახის: მე, მეო, მაგრამ ხელმწიფე რომ ეტყოდა: აბა, თუ შენ ამოიღე, ახლაც დასძარ ადგილიდანაო, ისარი ვერავინ დასძრა. მაშინ ქალმა უთხრა:

- მამავ, იქნებ ის სიზმარა ცოცხალი იყოს და იმან ამოიღოს?

გაგზავნეს ვეზირები, ნახეს: სიზმარა დევს დამსგავსებია. მოიყვანეს, აიღო ხელში ისარი, გაჰკრა და აღმოსავლეთის ხელმწიფის სახლში ჩაარჭო.

მეფეს გაუხარდა და თავისი ქალი სიზმარას მიათხოვა. ორი-სამი კვირა ქალი და ვაჟი ერთად იყვნენ, შემდეგ სიზმარა ადგა და იმ ხელმწიფესთან საომრად გაემართა.

კარგა გზა რომ გაიარა, ერთი კაცი დაინახა. ეს კაცი თან ხნავს და თან მოხნულ ბელტებს ყლაპავს.

- კაცო, კაცო, ძალიან ძნელ საქმეს არ ჩადიხარ, რომ მაგოდენა ბელტებსა ყლაპავ? - ჰკითხა სიზმარამ.

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა. ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჰქნა: ჩვენი ხელმწიფის ქალი შეირთო და მეორე ხელმწიფეს ეომებაო!

- მე ვარ სიზმარა, მოდი, დავძმობილდეთო!

წავიდნენ. ერთ ალაგას შენიშნეს, ერთი კაცი ზღვას დაყუდებია და სრუტავს.

- ძალიან ძნელი საქმე არ არის, მაგოდენა ზღვას სრუტავ? - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს კი ეომება!

- მე ვარ სიზმარა, მოდი ჩვენთან, შენც ჩვენი ძმა იყავიო!

წავიდნენ სამნი. ნახეს, ერთ კაცს ფეხზე წისქვილის ქვები შემოეცვა და კურდღლებს იჭერდა. ყველას გაუკვირდა და უთხრეს:

- კაცო, კაცო, რა ძნელ საქმეს ჩადიხარ?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- სიზმარა მე ვარ, წამოდი ჩვენთანაო!

წავიდნენ ოთხნი ერთად. ნახეს, ერთ კაცს ყური მიწაზე დაუდვია და რაღაცას ლაპარაკობს.

- კაცო, რას შვრებიო? - ჰკითხეს.

- ქვესკნელს ჭიანჭველები იბრძვიან, აქედან ვაშველებ და სამართალს ვაძლევ.

- ძალიან ძნელი საქმე უნდა იყოს ესა? - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, წამოდი ჩვენთანაო!

წავიდნენ ხუთნი ერთად. ნახეს, ერთი კაცი ზევით შეჰყურებს.

- რას შეჰყურებო? - ჰკითხეს.

- სამი დღეა რაც ისარი ცისაკენ ვტყორცნე და აგერ ახლა დაბრუნდა ქვევით, - უთხრა უცნობმა.

- ოჰ, ძალიან ძნელი საქმე გიქნიაო! - უთხრა სიზმარამ.

- ეჰ, რა ძნელი საქმეა, ძნელი საქმე ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, შენც ჩვენთან წამოდიო!

წავიდნენ ექვსნი. ნახეს, ერთი კაცი მტრედებს მიპარვია, ფრთებს აძრობს და ერთის ფრთას მეორეს უკეთებს, მეორისას - მესამეს, მესამისას - მეოთხეს და მტრედები კი ვერას იგებენ.

- უჰ, ძალიან ძნელი საქმე არ არის, მტრედები ვერ გებულობენ, ფრთებს ისე უცვლი?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, აბა, შენც ჩვენი ძმა იყავიო!

წავიდნენ შვიდნი. ნახეს, ერთ მღვდელს ეკლესია აეკიდა და სადაც უნდოდა, იქ დგამდა და წირავდა.

- ოჰ მღვდელო, მღვდელო, სწორედ ძალიან დიდი საქმეა, მაგოდენა ეკლესიას, რომ დაარბენინებ?

- ეჰ, ეს რა ძნელი საქმეა, ძნელი ის არის, სიზმარამ რომ ჩაიდინა: ერთი ხელმწიფის ქალი შეირთო, მეორეს ეომება!

- მე ვარ სიზმარა, აბა, შენც ჩვენი ძმა იყავიო! - უთხრა სიზმარამ.

წავიდნენ რვანი. მივიდნენ აღმოსავლეთის ხელმწიფესთან და ქალი სთხოვეს. ამ ხელმწიფემ უთხრა:

- ჯერ გამოგცდით, რა კაცები ხართ და მერმე ქალს მოგცემთო. სამ დღეს ჩემს ხაბაზებს პურს ვაცხობინებ და თუ ერთ დღეს შეჭამთ, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არადა, თავებს დაგაყრევინებთო!

- არიქა, - უთხრეს ბელტიყლაპიას, - კაცო, თუ იმოდენა ბელტებსა ყლაპავდი, ამ გამტკიცულ პურს როგორ ვერ შეჭამო?

- თქვენ არხეინად იყავით, ისე შევჭამ, რომ ერთი ნამცეციც არ დარჩეს, - თქვა ბელტიყლაპიამ.

მრავლის უმრავლესი პური გამოაცხვეს, მაგრამ ბელტიყლაპიას ერთი ნამცეციც არ დარჩენია.

- კარგიო, - უთხრა ხელმწიფემ, - ახლა კიდევ ღვინოს დაგალევინებთ. თუ ჩემს ექვსურმიან ქვევრს ერთ დასხდომაზე დაცლით, ხომ მოგცემთ ქალს, თუ არადა, თავებს დაგაყრევინებთო!

- აბა, ძმაო, ზღვახვრეპიავ, თუკი იმ მლაშე წყალსა ხვრეპავდი, ამ ღვინოს განა ვერ დალევ?

- თქვენ მიმიყვანეთ და მე ვიციო!

- ზღვახვრეპია ქვევრთან მიიყვანეს, დახედა ქვევრს, გაიცინა და თქვა:

- აბა, ხრუპი ვქნა, ხრაპი არ არის და სრაპი ვქნა, სრუპი არ არისო!

დაეწაფა ქვევრს და სულ ამოსრუპა.

- კარგიო, - თქვა ხელმწიფემ, - ახლა მოდით და სამი დღის სავალიდან წყალი მოვატანინოთ; თქვენ თქვენი კაცი გაგზავნეთ, მე ჩემ კაცს გავგზავნი. თუ თქვენმა კაცმა მოასწრო, მაშინ ჩემი ქალი წაიყვანეთ!

ახლა, კურდღელს რომ იჭერდა, იმას უთხრეს:

- კაცო, ფეხებზე წისქვილის ქვებწამოცმული კურდღელს იჭერდი, წყალს მალე როგორ ვერ მოიტან?

- ოღონდ გამგზავნეთ და მე ვიციო!

წავიდნენ ისა და ხელმწიფის კაცი. ერთი დღე ირბინეს. ჩამორჩა უკან ხელმწიფის კაცი, ქვებიანი კი მირბის და მირბის. ხელმწიფის კაცმა ხერხი მოიგონა, დაუძახა და უთხრა:

- კაცო, მოიცა, ნელა წავიდეთ, თავს რისთვის ვიხოცავთ, ცოტა შევისვენოთ და ისე ვიაროთო!

ამანაც დაუჯერა. დასხდნენ, პური ჭამეს, ღვინო დალიეს. პურის ჭამის დროს ხელმწიფის კაცმა ქვებიანს ღვინის მაგივრად ბანგი შეაპარა.

დაწვა ქვებიანი და დაეძინა. ხელმწიფის კაცი კი წავიდა, ორი დღის სავალი გზა გაიარა, მივიდა წყალთან, აავსო ჭურჭელი და გამოიარა კიდეც ერთი დღის სავალი გზა. ქვებიანს კი ისევ სძინავს.

სიზმარამ მეისრეს უთხრა:

- აბა, ერთი გაიხედე და გაიგე, ის კაცი მოდის, იქვე არის, თუ რა დაემართა?

გაიხედა და თქვა:

- ვაიმე, ვაიმე, ჩვენს კაცს შუა გზაზე სძინავს და იმათ კაცს კი ჭურჭელი აუვსია და მოდის.

- აბა, თუ გვიშველი რასმე! - შესძახა ყველამ.

მეისრემ მშვილდ-ისარი მომართა, გატყორცნა და ისარი წისქვილის ქვას მოახვედრა. დაიმსხვრა ქვა; გამოეღვიძა მძინარეს, წყლისაკენ მოკურცხლა, ჭურჭელი წყლით აავსო და ერთი დღის სავალი კიდევ მოასწრო ხელმწიფის კაცს.

- ახლა კი დაიწერეთ ჯვარი! - უთხრა ხელმწიფემ.

სიზმარამ მიწის მხვნელს მისცა ქალი.

წაიყვანეს და ჯვარი დაიწერეს. იმ ღამეს ხელმწიფემ კარგი ნადიმი გამართა. მაგრამ თავის კარისკაცებს ჩუმად უთხრა:

- სტუმრების კერძში ისეთი წამალი ჩაყარეთ, ყველანი მოიწამლონ და დაიხოცონო!

ამ საიდუმლო ლაპარაკს ყური მოჰკრა ჭიანჭველების მოსამართლემ და ეს ამბავი, მტრედებს რომ ფრთებს უცვლიდა, იმას უთხრა. ამანაც ისე შეუცვალა თებშები, რომ მეფის ხალხმა ვერაფერი გაიგო რა და, ვინცა ჭამა ყველა დაიხოცა.

- ახლა მოიყვანეთ ისეთი კაცი, რომ ჩემი ქალის მზითევი დაძრასო! - თქვა ხელმწიფემ.

- არიქა, მღვდელო, გვიშველე. თუკი იმოდენა ეკლესიას დაარბენინებდი, ამ მზითევს როგორ ვერ დაძრავ?

- თქვენ დარდი ნუ გაქვთ, - თქვა მღვდელმა, - მზითევს კი არა, თუ გინდა, თქვენც ზედ დასხედით, ყველას წავიღებო!

აჰკიდეს მღვდელს მზითევი, ის იძახის: მოიტათ, მოიტათო! წამოვიდნენ ყველანი და შინ მშვიდობით მივიდნენ. ყველამ თავ-თავისი ადგილი მონახა და საქმეზე დადგა.

ამ მოგზაუგობაში გავიდა ხუთი-ექვსი წელიწადი. სიზმარას ქალ-ვაჟი უკვე დიდები გამხდარიყვნენ. როცა სიზმარა თავის ხელმწიფე სიმამრთან მივიდა, ცოლი ერთ მხარეს მოისვა, ქალიშვილი - მეორეს, ვაჟიშვილმა აიღო ოქროს სურა, თავის მამას წინ ოქროს ტაშტი დაუდგა და ხელ-პირი დააბანინა.

- აი, ეს მზეა და ეს მთვარეო! - მოახსენა სიზმარამ და მოხვია ხელები ცოლ-შვილს. - აი, ეს კიდევ შუქურვარსკვლავია, ხელ-პირს რომ მაბანინებს. აბა, ესენი როგორ მოგცე შენო!

- ხელმწიფემ თავისი ტახტი დაულოცა და თავისი სამეფო გვირგვინიც იმას გადასცა.

 

 

 

Хостинг от uCoz