ორი ძმა

იყო ორი ძმა. უფროსი მოყვარული სიმართლის, თავმოყვარე, მორცხვი. მეორე -ცრუ, მკვეხარა, მოლაყბე.

ორივე ძმა ერთხელ ყავახანაში სალაღობოდ მისულიყო.

ცრუ ძმა იკვეხის ჯამაათში: - ამას წინათ წაველ მთაში სანადიროდ. შემხვდა ირემი, თოფი დავუმიზნე, ვესროლე, მოვკალ. გაუსინჯე ნატყვიარი: ირემს ჩლიქში მოვარტყი, ტყვია გასულიყო ყურისძირიდან საფერთქელში!

იქ მყოფმა ხალხმა გაოცებით შეხედა უფროსს, სიმართლის მოყვარულ ძმას, აი, რა ცრუ, მკვეხარა ძმა გყავსო.

დაირცხვინა უფროსმა ძმამ. შეეცადა გამოესწორებინა ძმის ცრუ თქმული:

- შეიძლება ეგრეც მოხდეს, როგორც სთქვა ჩემმა ძმამ: ჩლიქში მოხვედრილ ტყვიას გაევლო ყურისძირშიო, - სთქვა უფროსმა.

- შეუძლებელია, შეუძლებელი, - ერთხმად მიმართა ჯამაათმა უფროს ძმას, რათ ამართლებ მკვეხარას?

- რატომ არ გჯერათ? ძმამ რომ დაუმიზნა, ნიშანში ამოიღო, იმ დროს ირემი ზურგშექცევით უკანა ფეხის ჩლიქით იფხანდა ყურისძირს, ამ დროს ტყვიამ გაჰგმირა ფეხის ჩლიქი და ყურისძირით ირმის საფერთქელიც.

ასე ახსნა უმცროსი ძმის სიცრუე უფროსმა.

წათამამებულმა მატყუარამ განაგრძო: ხალხო, ჯამაათნო, ნუთუ არც ამას დაიჯერებთ, რაც ჩემი ყურით გავიგონე! ძაღლის ლეკვი ცაში წკავწკავებდა!

იქ დამსწრე ხალხმა მიმართა ცრუმთქმელის ძმას: ნუთუ ესეც დასაჯერია?!

- რატომ არ არის დასაჯერი?! - განაგრძო - ცაში არწივი დაფრინავდა, ძირს მიწაზე დაინახა შავი ცხოველი; ბატკანი ეგონა. დაეშვა ძირს, კლანჭები ჩაავლო ლეკვს, აიტაცა ცაში. ლეკვი ნამეტანი ტკივილისა და შიშის გამო წკავწკავებდა.

ასე გაამართლა ხალხის თვალში მოსიყვარულე ძმამ თავისი უგუნური ძმა.

 

 

 

Хостинг от uCoz