მოხერხებული მებაღე

ერთხელ ხელმწიფემ ჩაიცვა გლეხის ტანსაცმელი და სამეფოს დათვალიერებას შეუდგა: გაეგო, ვინ როგორ ცხოვრობდა. შევიდა ერთ ბაღში და მებაღეს ჰკითხა:

- რა გაქვს ჯამაგირიო?

- ერთი თუმანიო, - უპასუხა მებაღემ.

- მერე რას უშვები მაგ თუმანსაო? - ჰკითხა მეფემ.

- ორ მანეთს ვჭამ, ორ მანეთს სესხად ვაძლევ, ორ მანეთს ფანჯრიდან ვაგდებ, ორ მანეთს ვინახავ და ორი მანეთით ვალს ვისტუმრებო.

მეფემ ვერაფერი გაიგო. მებაღეს უთხრა:

- მანამ ჩემი სახე არ დაინახო, არავის არაფერი უთხრაო და წავიდა.

მეფემ დაიბარა ნაზირ-ვეზირები და გადასცა მებაღის მიერ განაწილებული თუმნის ამბავი და უბრძანა: ჩქარა გაიგეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები, თორემ ყველას დაგხოცავთო.

შეშინებულმა ნაზირ-ვეზირებმა მთელი სამეფო შემოიარეს, მაგრამ ვერსად ვერაფერი გაიგეს. ბოლოს, ამ ბაღში შევიდნენ და თავიანთი გაჭირვება მებაღესაც უამბეს. მებაღეს გაეცინა:

- მანეთი მომეცით და მე აგიხსნითო. მაშინვე მისცეს. დახედა ფულზე დახატულ მეფეს, იცნო და მაშინვე მიხვდა, თუ ვინ ყოფილა მასთან ადრე. უყურებს ამ მეფის სურათს და თან უხსნის ნაზირ-ვეზირებს: ორ მანეთს ვჭამ, ამით ვცხოვრობ, ორი მანეთით დედ-მამას ვაცხოვრებ, იმათ ვალს ვიხდი, ორი მანეთით ვაჟებს ვზრდი, რომ გაიზრდებიან, მერმე მე მაცხოვრებენნ, ორ მანეთს ფანჯრიდან ვჭრი, ამით ქალებსა ვზრდი, გათხოვდებიან და წავლენ, მე რას მარგიან. ორ მანეთს კი შავი დღისათვის ვინახავო.

გახარებული ვეზირები მეფესთან მივიდნენ და ყველაფერი სწორად განუმარტეს. გაბრაზებულმა მეფემ დაიბარა მებაღე და გაუჯავრდა:

- ხომ გითხარი, სანამ ჩემ სახეს არ ნახავდი, არავისთვის გეთქვაო?!

მებაღემ ამოიღო ჯიბიდან მანეთი და უთხრა:

- აი, მეფევ, შენი სახე აგერ არის დახატული, მე ამას ველაპარაკებოდი, სხვისთვის არაფერი მითქვამსო.

მეფეს მოეწონა მოხერხებული მებაღის პასუხი და დიდად დაასაჩუქრა.

 

Хостинг от uCoz