მელიას ეშმაკობა

მელიამ ნაფეტვარზე გაიარა, ნახა, რომ ბევრი თავთავი ეყარა ტყუილად. იფიქრა: ამ თავთავებით ბევრ ზიანს ვიზამო. დაჯდა და დაიწყო თავთავების კრეფა. აკრიფა ერთი კონა, ამოიღლიავა და გაუდგა გზას.

გზაზე დაუღამდა. მივიდა ერთი სახლის კარებთან და შესძახა: - არ დამაყენებთო? - დაგაყენებთო, - უპასუხეს. მელიამ მიაბარა თავთავების კონა და უთხრა, საქათმეში შეიტანეთო. თავთავები შეიტანეს საქათმეში და დადეს ისე, რომ ქათმებს არ გამოეჩურჩათ. შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, ადგა მელია, აიღო თავთავები და ერთ დიდ წითელ მამალს დაუდო ცხვირწინ. მეორე დღეს მოსთხოვა პატრონს მინაბარები. შევიდა მასპინძელი და მელოს გამოკენკილი თავთავები კი გამოუტანა. მელიამ ტირილი დაიწყო: მაგის მეტი არაფერი მებადა და ეგეც თქვენმა მამალმა შემიჭამაო. მასპინძელმა ჰკითხა: - რა გიყო ახლა, მელიავ, რაღა ეშველება შენს თავთავებსო? - ან უნდა მომიტანოთ ჩემი თავთავები, ან არადა ის მამალი მომცეთო. რას იზამდა დასპინძელი? აიღო და მისცა მამალი. აიყვანა მელიამ და გასწია თავის გზაზე.

ბევრი იარა, თუ ცოტა, დაუღამდა მელიას. გზაზე ერთ მეცხვარესთან დადგა, მიაბარა მამალი და უთხრა: ეგ მამალი არ მომიკლათ, თორემ ცხვარს წაგართმევთო. კარგიო, - უთხრეს მელიას.

ღამე ადგა მელია, აიყვანა მამალი და ერთ ერკემალს რქებზე ჩამოაცვა. მეორე დღეს მელიამ მამალი მოითხოვა: უნდა წავიდეო. შევიდნენ, ნახეს, მამალი ერკემალს კი ჰყავს ჩამოცმული რქებზე. მელიამ ისევ ტირილი დაიწყო განგებ: ეგ ერთი მამალი მყავდა, დილით ეგ მაღვიძებდა და ახლა კი დავრჩი ცარიელიო. მისცეს მელიას ერკემალი და გაისტუმრეს.

გახარებულმა მელიამ გასწია თავის გზაზე. მიდის და მიიმღერის:

ფეტვი გავყიდე მამლადა,

მამალი ერკემალადა!

დაუღამდა მელიას. დადგა ერთ გლეხთან. ერკემალი მიაბარა და უთხრა: არამც და არამც ეგ ერკემალი ხარებს არ მომიკვლევინოთ, თორემ დამღუპავთ და იმ ერკემლის მომკვლელ ხარს წაგართმევთო, ერკემალი შეიყვანეს და დააბეს ხარებთან ცალკე. ღამე ადგა მელია, აიღო ერკემალი და ჩამოაცვა თავზე ერთს დიდ ხარს. მეორე დღეს წაართვა მასპინძელს ერკემლის მომკვლელი ხარი და გაიგდო წინ სიხარულით.

გზაზე დაუღამდა, მაგრამ სახლში არავინ შეუშვა. ბოლოს ერთ ქვრივთან მივიდა და სთხოვა: ხარი მყავ, მეშინია, მგელმა არ შემიჭამოს, ბოსელში დამაბმევინეთ, მე კი კარებზე დავწვები და ვუყარაულებ ჩემს ხარსაო. ღამე ადგა მელია, გამოსჭრა ხარს ყელი და ბებრის უმცროს ქალს ჩაუდო დანა ჯიბეში. მეორე დღეს მოითხოვა ხარი, უნდა წავიდეო. ნახეს, ხარი მკვდარია. შეწუხდა სახლის პატრონი. ვითომ შეწუხდა მელიაც. მელიამ უთხრა: ვინც ის ხარი დაკლა, ის უნდა წავიყვანოო. დებმა უარი სთქვეს: ჩვენ არ დაგვიკლავსო. მაშ, ვისაც სისხლიანი დანა ჰქონდეს, ის არის დამკვლელიო. გაუსინჯეს ჯიბეები და სისხლიანი დანა უმცროს დას უნახეს. წამოიყვანა ქალი მელიამ, ჩაისვა გუდაში, მოიკიდა ზურგზე, მიდის და მიიმღერის:

ფეტვი გავყიდე მამლადა,

მამალი ერკემალადა!

ერკემალაი ხარადა,

ხარაი ლამაზ ქალადა!

გზაზე მხვნელ-მთესველებს შეხვდა. მათ დაუძახეს: - დაისვენე, მელიავ, პური ჭამეო! დაისვენა მელიამ. მისცეს ერთი ცხრილი და უთხრეს: წადი, სანამ ჩვენ სამხარს მოვამზადებდეთ, წყალი ამოგვიტანეო. წავიდა მელია, ავსებს წყალს, მაგრამ ცხრილი რას დაიჭერდა! სანამ მელია წყაროზე იყო, მხვნელებმა მოხსნეს გუდას პირი, ამოიყვანეს ქალი და იმის მაგიერ ერთი ძაღლი ჩაუსვეს, ჩაუდეს პური რომ გაჩუმებულიყო, და მოუკრეს ისევ პირი. მელია მოვიდა მხვნელებთან და უთხრა: ახლა კი წავალ, გამიშვითო. მხვნელებმა გაისტუმრეს მელია.

მიდის მელია და მიიმღერის ისევ წინანდებურად. გაათავა ძაღლმაც პური გუდაში და დაუწყო ფხაკუნი ხმელ გუდას. მელიას ჰგონია - ქალიაო და ეუბნება: რა არი, ქალო, რა გაწუხებს? თუ გწყურია, დალიე, ამოგიყვანო... მაინც არაფერი შეისმინა მელიისა ქალმა, ისევ აფხაკუნებდა გუდას. ბოლოს მოვიდა მელია თავის სოროში. მოხსნა პირი გუდას, ამოვარდა გუდიდან ძაღლი, გაიგდო მელია და გააძრო ქურქი.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

Хостинг от uCoz