მელია და მწყერჩიტ

მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა. გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო! - კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.

აფრინდა და გაედევნა უკან მელია. ხან მინდორზე არბენინა, ხან ჩირგვებზე ახტუნა, ხან წყალში ატოპინა. იმდენი ახეტიალა, სანამ ფერდებს დაიხეთქავდა. - ნათლიმამ, მოინელე თუ არაო? - ჰკითხა მწყერჩიტამ. მონელებით მოვინელე, - უპასუხა მელიამ, - მაგრამ ახლა სიცილი მომინდა ძალიანო; ერთი გულიანად მაცინე და შენს შვილიშვილებსაც არას დავუშავებო. - კარგი, ეგეც ადვილი სამსახურია, გამომყე უკან და სიცილით გაგაძღობო, - უთხრა მწყერჩიტამ. მიიყვანა მელია კალოზე და ძნაში დამალა. თვითონ მიფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. გლეხმა სახრე მოუქნია მწყერჩიტას, მაგრამ ის სწრაფად გასრიალდა, სახრე ხარს მოხვდა რქაში და მოსტეხა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

მწყერჩიტა მერე მაწვნის ქოთანზე დაჯდა. ქვა ესროლეს, მწყერჩიტამ აიცდინა, მოხვდა ქოთანს, ქოთანი გატყდა და მაწონი კალოზე დაიღვარა. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

მესამედ მწყერჩიტა ბავშვს დააჯდა თავზე. ბავშვმა სახრე მოუქნია, უნდოდა მოეკლა, მოირტყა თავში და მორთო ღრიალი. მელია იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

მოფრინდა მწყერჩიტა მელიასთან და ჰკითხა: კაი სეირი გაჩვენე თუ არაო? ამ დროს მელიას კიდეც მოშივნოდა, წაატანა პირი, უნდოდა მწყერჩიტა დაეჭირა და შეეჭამა. მწყერჩიტა აფრინდა, მელიას ზემოთ ძნაზე დაჯდა და უთხრა: - ერთი სეირი კიდევ უნდა გაჩვენოო.

მიეპარნენ მწყერჩიტას და მოუქნიეს დიდი სახრე, მოხვდა მელიას შიგ თავში და შუაზე გაუტეხა. აფრინდა მწყერჩიტა, გასწია თავის ბინისაკენ და მელას მიაძახა: სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა სთქვიო!

 

 

Хостинг от uCoz