მეჩონგურე

იყო ერთი ხელმწიფე. ჰყავდა ერთადერთი ქალი, რომელიც სილამაზით მზეს ეცილებოდა. მამა ქალის მთხოვნელებს ეუბნებოდა: ამა და ამ ადგილას, ამა და ამ ბაღში იზრდება უკვდავების ვაშლის ხე, ვინც იმ ვაშლის ნაყოფს მომიტანს, ჩემ ქალს იმას მივათხოვებო.

ყველა მიდიოდა ვაშლის საძებრად. ბევრი ვაჟკაცი წავიდა, მაგრამ უკან დაბრუნებული არავინ უნახავთ.

ხელმწიფის მახლობლად ერთი მეჩონგურე ცხოვრობდა. განთქმული იყო თავისი სიმღერებითა და დაკვრით. მასაც მოსწონდა მზეთუნახავი, მაგრამ თხოვას აბა როგორ გაბედავდა! ერთ მშვენიერ დღეს ეს მეჩონგურეც მივიდა ხელმწიფესთან და მზეთუნახავი სთხოვა. მასაც უკვდავების ვაშლის მოტანა დაავალეს.

მეჩონგურემ აიღო თავისი ჩონგური და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ცხრა მთა გვდვიარა. მიადგა ერთ უზარმაზარ ბაღს, რომელიც ისეთი მაღალი კედლით იყო შემოვლებული, რომ ჩიტიც ვერ გადააფრინდებოდა.

მეჩონგურემ დიდხანს უარა ბაღს, მაგრამ კარი ვერსად უპოვა. უვლის ბაღს მეჩონგურე ირგვლივ, უკრავს ჩონგურს და მღერის ტკბილად. ამ სიმღერას ყურს უგდებს მთელი ქვეყანა. ტყემ შეაჩერა ფოთლების შრიალი და ტკბება სიმღერით, ცაში მონავარდე ფრინველები ბაღისაკენ მიფრინავენ, სხდებიან მახლობელ ხეებზე და ყურს უგდებენ მეჩონგურის ხმას. სიმღერამ დაატკბო ყველაფერი, თვით ქვის კედელიც კი.

უცებ მეჩონგურის წინ გაიხსნა სალი კლდის კედელი და გამოჩნდა ყვავილებით მოფენილი გზა. გზა პირდაპირ ბაღში მიდიოდა. მიჰყვება ამ ყვავილოვან გზას მეჩონგურე და თანაც მღერის თავის გულსაკლავ სიმღერას.

ის უკვდავების ვაშლის ხე, თურმე, ამ ბაღში იდგა და მას მცველად ჰყავდა გველეშაპი. ვინც ბაღს ახლო მიეკარებოდა, ცოცხლად ყლაპავდა. მოესმა უცხო ხმა, ახრიალდა, საზიზღარი პირი დააღო და დაიღმუვლა: ვინ არის ეს თავხედი, ვინ გაბედა ჩემს ბაღში შემოსვლაო. აქ ჩემი შიშით დაბლა ჭიანჭველები ვერ დადიან და ცაში ფრინველები ვერ დაფრინავენო!

მეჩონგურე უკრავს და მღერის თავის სიმღერას და თვალებიდან თქრიალით მოსდის მდუღარე ცრემლი, მღერის და თან ტირის. გველეშაპი ღრიალით გამოქანდა მეჩონგურისაკენ, საზარელი პირი დააღო, უნდა ჩაეყლაპა, მაგრამ უცებ შეჩერდა და ყური დაუგდო მას. ტკბილმა სიმღერამ გააბრუა გველეშაპი. დიდხანს უსმენდა გაჩუმებული. ვეღარ გაუძლო მისმა ბოროტმა გულმაც და გასისხლიანებული თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. აკანკალებული და აცრემლებული უცქეროდა საზიზღარი გველეშაპი მეჩონგურეს, რომელიც კიდევ უფრო მგრძნობიარე სიმღერებს მღეროდა.

ერთი კიდევ ჩამოჰკრა მეჩონგურემ და დაწყდა ჩონგურს ლარები. შეწყდა წკრიალა ხმებიც. თავდახრილი მეჩონგურე დგას პირდაღებული ურჩხულის წინაშე და გადმოსდის ცრემლი. თვალებდასისხლული გველეშაპი დუმს, მასაც თვალებში ცრემლები უჩანს და სიბრალულით შესცქერის მეჩონგურეს.

უცებ გველეშაპი გონს მოვიდა. ასწია თავი, მოწყვიტა უკვდავების ვაშლი და გაუწოდა მეჩონგურეს. მეჩონგურე შეკრთა, თვალებს არ უჯეროდა. გველეშაპმა უთხრა: წაიღე, ნუ მორცხვობ. ჩემს სიცოცხლეში ასეთი ხმა არა მსმენია, არავინ დამლაპარაკებია მაგნაირი ენით. წადი, წაიღე ეს ვაშლი და სიტყვას გაძლევ, დღეის იქით აღარ დავღვარო შენი მოდგმის სისხლი, რა ტკბილი ყოფილა ადამიანის ხმაო!

გახარებულმა მეჩონგურემ დაავლო ხელი უკვდავების ვაშლს და უკან გამობრუნდა.

 

 

 

Хостинг от uCoz