ლომი და კურდღელი

ერთ ჭალაში ხშირად თავს იყრიდნენ სხვადასხვა მხეცები. როცა მხეცებში ლომი გაერეოდა, ყველა ნადირს კანკალს დააწყებინებდა: ლომი სათითაოდ იტაცებდა მათ და შეექცცეოდა.

შეიკრიბნენ მხეცები მოსალაპარაკებლად, როგორ დავაღწიოთ თავი ლომის ბრჭყალებსაო. დიდი ხნის თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს: დავუნიშნოთ ლომს სამუდამო სარჩო, ჩვენვე მივუტანოთ და ვთხოვოთ: თავი დაგვანებოს და ნუ გვაფრთხობს ყოველდღეო. წავიდნენ და ეს დადგენილება ლომს მოახსენეს. ლომი დათანხმდა, მხოლოდ პირობა დაუდო - ერთი წუთიც არ გადააცილონ დანიშნულ დროს, თორემ დაგეცემით და ერთნაირად ამოგჟლეტთ ყველასო. ამნაირად, მხეცები სათითაოდ ყოველდღე მიჰგვრიდნენ ლომს რომელსამე ცხოველს. ჯერი მიდგა კურდღელზე, უნდა წაეყვანათ ლომთან შესაჭმელად.

- რაკი ჩემი რიგია, რა გაეწყობა! გამიშვით მარტო მე და გიჩვენებთ, რომ საღამოს ლომის სახსენებელი აღარ იქნება და თქვენც სამუდამოდ დაგიხსნით ტანჯვისაგანო.

მხეცებმა გულიანად გადაიხარხარეს: ვერ უყურებთ ამ მშიშარას და უძლურს, როგორი ტრაბახი სცოდნიაო!

კურდღელმა ცოტათი დაიგვიანა. ლომს ძლიერ მოჰშივნოდა, თვალების ბრიალით და კბილების კაწკაწით მოელოდა სადილს და თანაც ფიქრობდა ბუნაგიდან გამოსვლას, მხეცებში დარევას. ამ დროს გამოჩნდა კურდღელი: შიშისაგან სულ ძაგძაგებდა. ლომმა მრისხანედ გადახედა და სასტიკად უყვირა: - სად იყავ ამდენ ხანსაო? - დიდო ბატონო, - კრძალვით მოახსენა კურდღელმა, - თქვენთან ნადირი მომყავდა, გზაზე მეორე ლომი შემხვდა, გამომტაცა და ჩაათრია ღრმა ღელეში, აქ ახლოს რომ არისო. - აბა, მიჩვენე, სად არისო? - უთხრა ლომმა. კურდღელი გაუძღვა, მიიყვანა ერთ ჭასთან და უთხრა: - აი, ბატონო, აქ არის, მაგრამ მეშინიან, მე მარტო ვერ ჩავიხედავ, ხელში ამიყვანეთ და ერთად ჩავიხედოთო.

ლომმა აიყვანა კურდღელი და ერთად ჩაიხედეს ჭაში; ჭის წყალში გამოჩნდა ლომისა და კურდღლლის ლანდი: ლომს კურდღელი აეყვანა და ქვემოდან ზევით ამოიჭყვიტებოდა. ლომმა კურდღელი ფიცხლავ გაუშვა, ჩახტა ჭაში მტრის დასასჯელად და კურდღლის წასართმევად, მაგრამ ჭაში წყალი ღრმა იყო და შიგ ჩაიხრჩო.

გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი თუ არა, შეექმნათ დიდი მხიარულება, რომ მოიშორეს თავიანთი მოსისხლე მტერი, კურდღელს კი დიდი მადლობა გადაუხადეს.

 

 

 

Хостинг от uCoz