კურდღელი, მელა და მგელი

იყო ერთი კურდღელი. ერთხელ წავიდა და მუხის ქვეშ დაწვა. მუხაზე ყვავი შემოჯდა და რკო ჩამოაგდო. რკო კურდღელს თავზე დაეცა. ეგონა, ქვეყანა იქცევაო, წამოხტა და გაიქცა. გზაზე შეხვდა მგელი და ჰკითხა: - კურდღელო, სად მირბიხარო? - მანდეთ, ძმობილო, ცა და ქვეყანა იქცევა და ნუ მიდიხარო! მგელს მართალი ეგონა და ესეც გაიქცა.

შემოეყარათ მელა, ისიც იმათთან ერთად გაიქცა. ირბინა სამივემ და მივიდნენ ისეთ ალაგას, სადაც საჭმელი ვერ იშოვეს და შიმშილით კუჭი ეწოდათ. ძლიერ რომ გაუჭირდათ, მგელმა და მელამ კურდღელი შეჭამეს. კურდღელი რომ გამოინელეს, ისევ მოშივდათ. ახლა მგელმა მელას შეჭმა დააპირა. გაიქცა მელა, უკან დაედევნა მგელი. მიადგა მელა ერთ წყალს და რაღა ქნას? აიხედა ზევით და შეხედა კაჭკაჭს. ბევრი რომ უყურა, მიუბრუნდა მელია მგელს და უთხრა: - თუ დამეხსნები და არ შემჭამ, აი, ასე დაგაჭრელებ, როგორც ეს კაჭკაჭი არის ჭრელიო.

მგელი მოტყუვდა და მელას დაუჯერა. მელიამ უთხრა: წავიდეთ სადმე, კამეჩი ვნახოთ, დავკლათ, ჯერ ვჭამოთ და გამაძღარი უფრო დაჭრელდებიო. წავიდნენ, მართლაც ნახეს ერთი კამეჩი და დაკლეს. მელა სანამდის გაძღებოდა, წავიდა, ცეცხლი და სახნისი იშოვა, ცეცხლი დაანთო და სახნისი შიგ ჩადო გასახურებლად. მგელს უთხრა: - კამეჩი შუაზე გავხვრიტოთ, შიგ გავძვრეთ და ორივე დავჭრელდებითო. მგელმა დაუჯერა. მელამ კამეჩი წვრილად გახვრიტა ისე, რომ თვითონ შესძლო შიგ გაძრომა. მერე უთხრა მგელს, გავიქცეთ და გავძვრეთო. მელა გაიქცა და გაძვრა შიგ, მგელი გაიქცა და ვერ გაეტია და თავით გაეკვეტა. მელამ წამოუსვა ხელი გახურებულ სახნისს და ზურგზე დაჰკრა, მანამდის ურტყა, სანამ სული არ გააფრთხობინა.

მგელმა ბევრი იყვირა, მაგრამ თავს ვეღარ უშველა, მელა მიადგა და დაუწყო ქეიფიანად ჭამა კამეჩს და მგელს. ქონი ჭურში ჩაასხა, ძვლები ხორად დადგა და შეშად მთელი ზამთარი ეყო

 

Хостинг от uCoz