იის ამბავი

 

გაზაფხული იყო. სიცოცხლის მომცემს მზეს ათასფერად აეყვავებინა

დედამიწა. ათასფერი ყვავილი ეგებებოდა გაზაფხულს; იაც გაშლილიყო და თრთოლვით, კანკალით მოელოდა ყოველს დღეს. იას ძალიან ეშინოდა, არ ვიცი კი, რა აშინებდა: მოკლე სიცოცხლე თუ სხვა რამე. ქარი დაჰბერავდა თუ წვიმის ნამები წამოვიდოდნენ ღაპაღუპიტ, იას გული უსკდებოდა, ია მალ-მალ ამოეფარებოდა ბუერისა და ძირხვენის ფოლთებს, რომ თავი აერიდა მზის დამწველ სხივებისთვის და არ დასცვივნოდა ფოთლები. სიცივის დროს შეიხრიდა ფოტლებს, თითქოს გულხელი დაუკრებია, რომ სიცივე არ შეჰხებიყო იმის ნაზს მკერდს და არ დაეზრო.

      იის გარშემო ბევრი ყვავილი და ბალახი იყო ამოსული. ათასგვარი ჭია და მწერი დაძვრებოდა იმის ახლოს. ბეზი, კრაზანა, კელა, ბაურა, პეპელა-ათასობით მოდიოდნენ და ასხდებოდნენ და იას. ყველა ამათ ისა სურდათ, რომ ამოეწუწნათ გულიდან, რაც კი სიცოცხლე და სურნელება ებადა იას. გულს უკლავდა იას იმათი ასეთი შეუბრალებლობა, მაგრამ რა ექნა!

      ია დიდხანს იყო მარტოდმარტო. თავის გულის წადილს ვერავის უზიარებდა. მხოლოდ ნიავი თუ წაიღებდა იმის კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი კვნესას და მოჰფენდა ყვავილთ სამეფოში. ესმა მინდორთ დედოფალს იის სევდა, მისი ნაღველი, მისი სიმართოვე, შეებრალა და გამოუგზავნა მეგობრად პატარა ყვავილი-კესანე.

      კესანე ტურფა რამ იყო. მინდორთ დედოფლისაგან მიცემული ცისფერი აბრეშუმის კაბა ზედ აკვდებოდა. ყველას ჰშურდა იმისი სიტურფე, ყველას ენატრებოდა კესანეს სინაზე, იას გარდა: იას ხუთი სოსანი აბრეშუმის კაბა ეცვა და ყელზე მარგალიტის ღარადე ჰქონდა შემოვლებული.

      კესანე და ია ტკბილი მეზობლები იყვნენ. დაჰბერავდა ნიავი და მიახლიდა მეგობრებს  ერთმანეც. ისინიც გადაიჭდევდნენ ყელზე ყელს და სტკბებოდნენ სიყვარულით; მოჰყვებოდნენ ტკბილად ჭუკჭუკს, მაგრამ კაცის ყური კი ძალია ძვირად გაიგონებდა ამათ ლაპარაკს.

      იამ შენიშნა, რომ იმის ახლოს ხშირა მოფრინდება ხოლმე ერთი ჩიტი და ბუზებს იწერს. იამ ეს ამბავი კესანეს შეატყოვბინა.

     - მეშინიანო, - უთხრა მეგობარს: რომ იმ ორფეხა ცხოველმა არაფერი მავნოს; სულ ჩემს ახლოს დაფრინავსო.

     - ნუ გეშინიან, ჩემო ტერფა, შენტან რო ბუზებია, იმათ იჭერს!კიდეც უნდა გვიხაროდეს, რომ მაგ სისხლისმსმელებს გვაცლიან; იმათ ჩვენგან სხვა არაფერი არა ჰსურტ!

     - მე კი გული რაღაც უბედურებას მიქადის, - სთქვა იამ: ეგ ან გამჭყლეტს და ან ერთ რასმე დამმართებს!

     - რა მშიშარა ხარ! -  უთხრა კესანემ იას, როდესაც ბუზისაგან შეშინებული ია კანკალით მიეკრა კესანს, -  ძალიან ძვირად თუ გიღირს სიცოცხლე!

      იას ტყუილად არ ეშინოდა. იმის ახლო ათასნაირი ბუზი ირეოდა. ბუზებზე ჩიტები ნადირობდნენ და ჩიტებზე ალალი. ია ირგვლივ მარტო ერთმანეთის ჭამა-გლეჯას ჰხედავდა; ვინც ვის მოერეოდა, ჰკლავდა და სჭამდა.

      ია ამ დარდსა და ფიქრში იყო, და დრო კი მირბოდა....

      დილა იყო. მზეს ის იყო ამოეყო ყური. დედამიწა შეთბა; ნამი აშრა და ათასგვარი მწერი დატრიალდა ჰაერში. კრაზანას და ბუზებს ბზუილი გაჰქონდათ. იის ახლოს ერთი ჩიტი დამჯდარიყო და ბუზებს ელოდა. ჩიტს დიდხანს არ მოუნდა ლოდინი.

      ბზუილი მოისმა. ბუზურას მხრების ქარმა ბალახებს რხევა დააწყებინა. მოისმა ბზუ-- და ერთი დიდი ჭრელი ბუზურა მიუახლოვდა იას. გრელი ისარი გამოეშვა და ატრიალებდა აქეთ-იქით. ბანჯგვლიან ფეხებზე სქლად ედვა ყვითელი მტვერი ყვავილებისა. თვითონაც მთლად მოსვრილი იყო ყვავილების მტვერში. ბუზურა იას დასტრიალებდა თავს. იას შიშითფერი დაეკარგა, ათრთოლდა, მთელი ტანი აუკანკალდა. მოხარა თავი და ცდილობდა, როგორმე მიემალა გული, მაგრამ ბუზურას რა გამოეპარებოდა: ერთი კიდევ დაიბზუილა და დაჯდა იას გულზედ. ია გადიდრიკა და ჩაიკეცა.

     - დაიმალე, კესანე, დაიმალე! -  დაუძახა კვნესით იამ; ამ სისხლისმსმელმა შენც არა გნახოს!.... მე ნუ მიტირებ!

      იის ახლოს ისევ ის ჩიტი იჯდა; იას იმაზე დარჩა თვალი: წყალწაღებული  ხავს ეჭიდწბოდაო. ბზურამ გრძელი ისარი მიავლ-მოავლო, იის გულზე უნდოდა სადმე ჩაეკრა. ამის შიშით იას გული მისდიოდა.

      ამ დროს ჩიტმა შენიშნა მსუქანი საჭმელი. გადმოფრინდა, ჩაჰკრა ნისკარტი ბზურას და გააქანა გაუმაძღარ მუცელში, მაგრამ.... იის ფოთლებიც თან ჩაატანა. იამ აიწია წელში, გასწორდა, მაგრამ, ვაი ამ გასწორებას:

    ფეხზემდგომს მკვდარსა ჰგავდა! თვალებიდან მსხვილმა მარგალიტისავით ცრემლებმა დაუწყეს ღაპაღუპით დენა: ია ქვითინებდა. თავი დაეხარა უნუგეშოდ და გლოვობდა თავის ბედს. ვინღა უშველიდა! კესანეც ისეთივე სუსტი იყო, როგორც თვით ია. ვერც კესანე გადაურჩა უბედურობას, - ჩამოგორებულმა ქვამ წელში გადატეხა კესანე.

      ორთავეს ცრემლები სდიოდათ. ცრემლები ძირებს ულბობდნენ და იქიდან სხვა იები და კესანები აპირებდნენ ამოსვლას.

დობილებს ეს აძლევდა იმედს. ჩვენი სიცოცხლე ჩვენს მოდგმად მიემატოსო, - თქვა და ჩაჰკიდეს თავები.

 

 

 

ია უკვდებათ, ყვავილნი

ეთხოვებიან, ტირიან;

შორს გაიგონებს ერთგული, -

ცრემლები ჩამოსცვივნიან....

ელიან მინდორთ-დედოფალს,

მის მოსვლით გახარებასა,

გაზაფხულს ყვავილთ მოსვლასა,

მათ ძირის გამრავლებასა,

 

 

 

       ბაღში ვარდისა გაშლასა,             ტურფა კესანეს სიხარულს,

       იის კვლავ აყვავებასა,                  ცაზე ფრინველთა დენასა,

       ველების შეხამებასა,                     ბულბულის შემოჩვევასა,

       მინდვრების აჭრელებასა,             დილა-საღამოს მღერასა.

 

 

 

 

Хостинг от uCoz