ჩაქუჩა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი და დედაკაცი. მათ ჰყავდათ ერთი ბიჭი, რომელსაც ჩაქუჩა ერქვა. დედა ადრე გარდაეცვალა. ერთი კვირის შემდეგ კაცი წავიდა და სხვა ცოლი შეირთო. დედინაცვალი ბიჭს არ ასვენებდა, გაგზავნიდა წყალზე და რამდენჯერაც მოიტანდა, იმდენჯერ გადაუღვრიდა: წადი, წმინდა წყალი მოიტანე, ეს მღვრიე არისო!

ერთხელ, როდესაც ბიჭი წყალზე მიდიოდა, დაინახა წითელი და შავი გველი ჩხუბობდნეენ. შავი გველი წითელს დაედევნა. მივიდა წითელი გველი, ბიჭს ლიტრაში ჩაუძვრა და უთხრა: - როცა მოვიდეს შავი გველი, უთხარი ცხრა მთას იქით გადაიარა-თქო. მივიდა შავი გველი და ბიჭს ჰკითხა: - აქ სულიერს რაიმეს ხომ არ გამოუვლიაო? ბიჭმა უპასუხა: გამოიარა და ცხრა მთას იქით გადაიარაო.

წავიდა შავი გველი. ამოძვრა წითელი გველი, ამოიძრო ერთი ფხა და მისცა ბიჭს: - როცა გაგიჭირდეს, ინატრე, რაც გინდა და ყველაფერი აგისრულდებაო. - გაავსო ლიტრა ბიჭმა და წამოვიდა სახლში. სახლში რომ მოვიდა, ინატრა: ნეტავი ჩემი დედინაცვლის სკივრი ისე აივსოს ფართლით, რომ სარქველი არ ეხურებოდესო. მართლაც, გაივსო სკივრი ფართლით. უთხრა დედეინაცვალს: - დედი, ახლა მაინც შემიკერე შარვალ-ხალათიო! - დედინაცვალმა ისევ წყალზე გაგზავნა. გზაში ბიჭმა ინატრა: ნეტავი სახლში რომ მივალ, ჩვენ რომ ვარცლი გვაქვს, სულ პურით სავსე დამხვდესო. მოვიდა სახლში და ვარცლი, მართლაც პურით სავსე დახვდა. უთხრა დედინაცვალს: ახლა მაინც მომეცი პურიო. ის გაუბრაზდა და უთხრა: - ღორი გარეკეო. გამოიყვანა ბიჭმა ღორი, გაიგდო წინ, დაიწყო სტვენა და გაუდგა გზას, არს იცის, სად მიდის.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მივიდა ერთ სოფელში იქ შეეცოდათ, პური გამოუცხვეს, აჭამეს და ისევ გზას გაუდგა, მიადგა ერთ სოფელს. შევიდა შიგ და დაინახა ერთი მზეთუნახავი ქალი. ინატრა:ღმერთო ამ ქალს გაუჩინე ერთი ბიჭიო და როდესაც კარს შევაღებ, თქვას: აი, მამაჩემიო! მართლაც გაუჩნდა შვილი ქალს. მოდის ხალხი და კითხულობს: რად გაუჩნდა შვილიო? შეაღო ბიჭმა კარები იმ დროს და ბავშვმა დაიძახა: აი, მამაჩემი ჩაქუჩაო. ხელმწიფემ თქვა: აბა, რაღას ვუზამ, აი შენი ჩაქუჩა, ადექი და მაგას გაჰყევიო. შენც კაცი მოგინახავს რაღაო!

წაჰყვა ქალი ჩაქუჩას. ჩაქუჩა წინ მიდის და ცოლს არ უცდის. ქალი ეძახის: - კაცო, დაიცადე, ქრისტიანი არა ხარო? ჩაქუჩა მაინც არ უცდის. გაიარეს კარგა მანძილი. შუადღისას დაცხა. ჩაქუჩამ ინატრა: აქ ერთი თელა გააჩინე და მის ჩრდილში დავიძინოთო. მართლაც გაჩნდა თელა, რომელსაც მშვენიერი ჩრდილი ჰქონდა. დაწვნენ ხის ძირას ჩაქუჩა და ქალი და დაიძინეს. მეორე დილას რომ გათენდა ინატრა: ღმერთო, ისეთი რაში მომეცი, რომ სხვა რაში რასაც ერთ წელიწადს გაივლის, მან ერთ წუთში გაიაროსო. გაჩნდა რაში. შეჯდა ზედ. უვლის მინდორს და იძახის: აქამდე ჩემია, აქამდე ჩემია, აქამდე ჩემიაო. ინატრა: ღმერთო, ამ მინდორში ისეთი ხილი ჩაყარე, რომ რიგი მწიფდებოდეს, რიგი ყვაოდეს, რიგი იკრიფებოდესო. გაჩნდა ყველაფერი, რაც ბიჭმა მოინდომა. ახლა მეორე მინდორზე გავიდა, იქაც იგივე ინატრა. ინატრა ერთი სასახლე, მოსამსახურეები, გაიმართა კარგი ქორწილი და დაიწყო ბედნიერად ცხოვრება.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

მთას ურემი ავაგორე, წამოვიდა გორებითა,

აქ სიცოცხლით დაგეწევით, საიქიოს ცხონებითა.

მუხას ჯოხი შემოვკარი. გამოცვივდნენ ტურებიო,

ყველას მაშინ გაუმარჯოს, როცა ჰყავდეს სტუმრებიო.

გათავდა და მორჩა, არღუნი და ტოლჩა.

 

 

 

Хостинг от uCoz