ცეროდენა

იყო და არ იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ცოლი და ქმარი. ქმარს გუთანი ება და ხნავდა. ცოლმა სადილი წაუღო. ხურჯინი გადაიკიდა მხარზე. შიგ მჭადები ეწყო და ქილით მაწონი ედგა. ცოლი ორსულად იყო. შუა გზაზე რომ მივიდა, მუცლიდან დაუძახა ვაჟმა.

- დედი, მომეცი, მე ავიკიდებ ხურჯინსაო!

- სადა ხარ, შვილო, საიდან აგკიდოო? - უპასუხა დედამ.

- აი, დედილო, აქა ვარო, - მოესმა დედას დაბლა, მიწიდან. დაიხედა და ცერის ტოლა ვაჟი კი დაინახა. ხელები გაეშვირა და იდგა.

- მომეცი, დედი მე წამოვიღებო! - არ ეშვებოდა ცეროდენა დედას. ხურჯინი დააწვა ზევიდან, კინაღამ დაახრჩო. წავიდნენ დედა და შვილი მამასთან. გუთანი რომ დაინახა, ცეროდენამ დაუჟინა მამას.

- მამილო, შენ ჩამოდი, მე უნდა დავუჯდეო.

- შენ რა ხარ, შე პაწაწკინავ, - უთხრა მამამ, - შენ რა უღელზე დასაჯდომი ხარ, ხომ ჩამოვარდი და გაგჭყლიტეს ხარებმაო.

- არა, უნდა დავუჯდე და უნდა დავუჯდეო, - დაიჟინა ცეროდენამ. ჩამოვიდა მამა. ცეროდენა დაუჯდა, მაგრამ გადმოვარდა და კამეჩის პატივში ჩავარდა.

ეძება მამამ, მაგრამ ვერ იპოვა და ვერა. დაიკარგა ჩვენი ცეროდენა. დაღონდა დედაც და მამაც.

ბედად ცა მოიღრუბლა, წარბი შეიკრა, შავი ღრუბლების ზეწარი გადაიბურა, დაიქუხა, დაიგრიალა, გააგრიალ-გამოაგრიალა თავისი რკინის ბურთები ცაზე და კოკისპირულად დაუშვა წვიმა. წამოვიდა წყალი. კამეჩის პატივი გაშალა, გაფანტა და ჩვენი ცეროდენა უვნებლად კი ამოვიდა. გამოირეცხა პირი, ყურები და ისევ ის ბიჭი დადგა. ცოტათი შესცივდა. წამოვიდა და ვაზის ძირში ცეცხლი დაანთო, მიუჯდა გვერდზე და თბებოდა.

ერთიც ვნახოთ, მშიერი მგელი მოყუნძულდა, დაინახა ცეროდენა და ესიამოვნა: ერთი ლუკმა მაინც გამომივაო.

მივიდა ცეროდენასთან და უთხრა:

- რომ შეგჭამო, რას იზამო?

- ვერ შემჭამო, - უპასუხა ცეროდენამ გულადად. წამოხტა და მგელს წვეტიანი ჯოხით შეუტია. მგელმა პირი დააღო და გადაყლაპა ჩვენი ცეროდენა თავის ჯოხიანად. მგელს ძვლების ხვრაში ერთი კბილი ჰქონდა ახლადმოტეხილი და საშინლად სტკიოდა. ჩაჯდა იმ ნაკბილარში ცეროდენა და დაუწყო ჯოხით ჩხვლეტა. მგელს საშინლად ეტკინა და ღრიალი მორთო.

- გამოდიო! - შეეხვეწა ცეროდენას მგელი.

- ვერ გამოვალ, შენ გინდა კბილებში როგორმე მიგდო, - უპასუხა ცეროდენამ, - მე აქაც კარგა თბილად ვარო.

მგელს კბილი ძალიან ეწვოდა. შეჰფიცა ცეროდენას:

- ოღონდ გამოდი მანდედან და, პირიქით, ოქროსმატყლიან ერკემალსაც გაჩუქებო.

გამოვიდა ცეროდენა კბილიდან. მგელსაც დაუამდა ტკივილი, აჩუქა ერთი ოქროსმატყლიანი ერკემალი ცეროდენას და თვითონ თავის გზაზე გასწია.

ცეროდენა უდგას თავის ოქროსმატყლიან ერკემალს და აძოვებს, თან მღერის და უკრავს ჩალის სტვირსა.

ყაჩაღებმა ჩამოიარეს, საყდრის გატეხა უნდოდათ, მაგრამ რადგან საყდრის კარები შიგნიდან იყო დაკეტილი, ვერაფერი მოეხერხებინათ. ცეროდენა რომ დაინახეს, ძალიან გაუხარდათ.

- წამოდი, - უთხრეს ცეროდენას, - საყდარში გადაგსვამთ ფანჯრიდან, კარები გაგვიღე და, რასაც გამოვიტანთ, შენც გაგინაწილებთო.

- არა მცალია, ჩემს ერკემალს რაღა ვუყო, - უპასუხა ცეროდენამ, - მგელი შემიჭამს, მარტოკა რომ დავტოვოო.

ყაჩაღებმა არ დაიშალეს, ნახევარს მოგცემთო უთხრეს და როგორც იყო, დაიყოლიეს, წაიყვანეს და გადასვეს ფანჯრიდან.

ცეროდენამ გაუღო კარები. როცა ყველაფერი გამოზიდეს, ცეროდენამ უთხრა ყაჩაღებს: მომეცით ჩემი ერკემალი და დაპირებული ნახევარიო.

ყაჩაღებმა ნახევარზედაც უარი უთხრეს და ერკემალიც წაართვეს. დარჩა ცარიელი ცეროდენა.

ცეროდენა მაშინვე სოფლისაკენ გაიქცა ყვირილით:

- მდევარი, მდევარი ჩქარა, ყაჩაღებმა საყდარი გაძარცვესო!

გამოეკიდა ხალხი ყაჩაღებს, დახოცეს, ის ოქროს ერკემალიც წაართვეს და ის ნაპარავი ნივთებიცა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,

ქატო იქა, ფქვილი აქა.

 

 

 

Хостинг от uCoz